ᲐᲕᲢᲝᲠᲘ: ᲛᲔᲠᲘ ᲛᲐᲦᲚᲐᲙᲔᲚᲘᲫᲔ
- სოციალური ნორმების წინააღმდეგ ამბოხებული
მურაკამი შეეწინააღმდეგა სოციალურად დადგენილ ნორმებს და იმის ნაცვლად, რომ ჯერ აკადემიური ხარისხი მოეპოვებინა, ეშოვნა სამსახური და შემდეგ დაქორწინებულიყო (მიღებული წესების თანახმად), იგი ჯერ დაქორწინდა- ცოლად შეირთო იოკო ტაკაჰაში (მურაკამი). შემდეგ დაიწყო მუშაობა და მიიღო აკადემიური ხარისხი თეატრისა და კინოს მიმართულებით.
- უარი კორპორატიულ სამსახურზე
მურაკამიმ თავის ცოლთან ერთად გახსნა ჯაზ ბარი. წყვილს რამდენიმე სხვადასხვა სამსახურში მუშაობა და ფულის სესხება მოუხდა, რათა საკუთარი პატარა ბიზნესი დაეწყოთ. ისინი მხოლოდ მაშინ გათავისუფლდნენ ვალებისგან, როცა მურაკამიმ წერას მიჰყო ხელი. მეორე რომანის გამოქვეყნების შემდეგ, მან ბარი მალევე გაყიდა.
- ”გამოცხადება” ბეისბოლის თამაშის ყურებისას
მურაკამის არასდროს უფიქრია, რომ მწერალი შეიძლებოდა გამხდარიყო — სანამ ერთ დღეს, 1978 წელს, მოულოდნელი რამ არ მოხდა. ბეისბოლის თამაშს უყურებდა, როდესაც პირველმა დამრტყმელმა ბურთს რომ დაარტყა, მურაკამიმ უეცარი გრძნობა მიიღო: შეეძლო რომანი დაეწერა. მან მაშინვე დატოვა სტადიონი, კალამი და ქაღალდი იყიდა და იქვე დაიწყო წერა.
- პირველი წიგნი
მურაკამიმ პირველი წიგნი თავდაპირველად ინგლისურად დაწერა. ექვსი თვე იმუშავა რომანზე, თუმცა პირველი ვერსია არ მოეწონა. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ ინგლისურად დაეწერა, ნაცვლად იაპონურისა. მწირმა ლექსიკურმა მარაგმა იგი აიძულა, რომ წერისას მარტივი წინადადებები გამოეყენებინა. შემდეგ მურაკამიმ ტექსტი იაპონურად გადათარგმნა და საბოლოო ვარიანტი შექმნა. მისი რომანი „ყური მიუგდე ქარის სიმღერას“ გახდა „ახალი მწერლების პრემიის“ გამარჯვებული.
- სირბილით გატაცებული
მურაკამიმ 23 მარათონი გაირბინა, მონაწილეობა მიიღო ულტრამარათონში და რამდენიმე ტრაიათლონშიც. მან სირბილისადმი სიყვარულს მთელი წიგნი მიუძღვნა — „რაზე ვლაპარაკობ, როცა სირბილზე ვლაპარაკობ“, რომელიც 2007 წელს გამოვიდა. მემუარი პარალელს ავლებს სირბილსა და წერას შორის: მურაკამის აზრით, ორივე გამძლეობის სპორტია.
- მკაცრი რუტინა
მურაკამი დილის 4 საათზე იღვიძებს და შუადღემდე წერს. შემდეგ ვარჯიშობს მომავალი მარათონისთვის, ასრულებს საოჯახო საქმეებს და უსმენს მუსიკას. ჩვეულებრივ, საღამოს 9 საათზე იძინებს.
- თარჯიმნის საქმიანობა
მურაკამი თარგმნის წიგნებს ინგლისურიდან იაპონურად. მას გადათარგმნილი აქვს რეიმონდ კარვერისა და ჯონ ირვინგის რომანები. თუმცა, საკუთარი წიგნების თარგმნას ყოველთვის თავს არიდებს. მურაკამი ამოწმებს თავისი რომანების ინგლისურ თარგმანებს, მაგრამ არსებით ცვლილებებს არასდროს აკეთებს.
- საყვარელი წიგნი — „დიდი გეთსბი“
მურაკამიმ გადაწყვიტა, თავად ეთარგმნა ეს რომანი, რადგან არცერთი არსებული თარგმანი არ მოსწონდა. თავდაპირველად ფიქრობდა, რომ თარგმანს 60 წლამდე დაასრულებდა, თუმცა რამდენიმე წლით ადრე დაამთავრა.
- „სხვა ოთახი“ — მისი ქვეცნობიერი
მურაკამი წერის ფენომენს აღწერს, როგორც კარის გაღებას, რომელიც „სხვა ოთახში“ შედის — ეს მისი ქვეცნობიერი სივრცეა. მკაცრი რუტინა მას ეხმარება,რომ საჭირო დროს გააღოს და დახუროს ეს კარი.
- კატების სიყვარული
მურაკამი ხშირად წერს კატებზე თავის წიგნებში, რადგან ძალიან უყვარს ისინი. იგი კატების გარემოცვაში გაიზარდა.
- წარმატების სიურპრიზი
მიუხედავად იმისა, რომ მურაკამი უკვე ათწლეულებია წერს, მისივე წარმატების მიმართ დღემდე სიურეალური განცდა აქვს. იგი არაერთი ბესტსელერის ავტორია, თუმცა არ იცის, რამდენს გამოიმუშავებს წელიწადში — ფინანსებს მისი მეუღლე აკონტროლებს.