ᲢᲔᲥᲡᲢᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲠᲘ: ᲛᲔᲠᲘ ᲛᲐᲦᲚᲐᲙᲔᲚᲘᲫᲔ
რას გვასწავლის პატარა წიგნი, რომელიც 500-ზე მეტ ენასა და დიალექტზეა თარგმნილი (რაც მას ბიბლიის შემდეგ ყველაზე მეტჯერ თარგმნილ წიგნად აქცევს) და 200 მილიონამდე ეგზემპლარია გაყიდული? რატომ შეიძლება მას ეგზისტენიცალიზმის მთავარი სახელმძღვანელო ვუწოდოთ?
ამისათვის, პირველ ყოვლისა, ძალიან, ძალიან ზოგადად გავიგოთ რა არის ეგზისტენციალიზმი: ეს არის მიმდინარეობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პირობებში გაჩნდა და გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა, რომელმაც უაზრო და აბსურდულ სამყაროში ორიენტირების უნარი დაკარგა, ახლა თავიდან, თვითონვე უნდა მიანიჭოს აზრი და მნიშვნელობა თავის ცხოვრებასაც და სამყაროსაც.
ასე რომ, უდაბნოში დაკარგულმა ავიატორმა, სიცარიელეში, მარტოობასა და უიმედობაში, საკუთარი თავი რომ არ დაკარგოს და არ მიეცეს ნიჰილიზმს, რაღაცები უნდა გაიხსენოს და ამ რაღაცებს თავიდან მიანიჭოს მნიშვნელობა, რათა გადარჩეს.
მკითხველს კარგად ახსოვს, რომ ეს წიგნი ეძღვნება ლეონ ვერტს, ოღონდ მაშინ, როცა ის ბავშვი იყო, ანუ წიგნი ეძღვნება ბავშვებს, ანუ ყველას, ჩვენ, როცა ბავშვები ვიყავით, ან ჩვენში მცხოვრებ ბავშვს. ახლა დავსვათ კითხვა: რატომ?
იმიტომ, რომ ადამიანმა, როგორც ბავშვმა, თავიდან უნდა გაიგოს სამყარო, დასვას სულელური კითხვები და გაიხსენოს, რამდენი ძვირფასი რამ არსებობს ქვეყნად, რის გამოც ცხოვრება ღირს.
ეგზიუპერის მიზანია, რომ როგორც თავის თავს, ისე სხვა ადამიანებს, შეახსენოს მეგობრობის, რწმენის, იმედის და სიყვარულის მნიშვნელობა. უთხრას, რომ ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც ადამიანებს აცოცხლებს და აძლებინებს, და თუ მას გადარჩენა უწერია, აუცილებლად ამ ღირებულებების გახსენებითა და მნიშვნელობის თავიდან მინიჭებით უნდა გადარჩეს.
მაშინ, რას წარმოადგენენ სხვადასხვა პლანეტაზე მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც პატარა პრინცი ხვდება? ისინი შეიძლება ჩავთვალოთ ადამიანის იმ მავნე ჩვევების ლუსტრაციად, რომლებმაც იგი ნიჰილიზმის მორევში მოისროლა: დათვალე ყველაფერი, დაგეგმე, შეხედე ყველაფერს ძალიან სერიოზულად, ესწრაფე მაღალ საფეხურებს, სადაც ყველა აღფრთოვანდება შენით და ტაშს დაგიკრავს – ეგზიუპერი დიდი ადამიანების ამ მისწრაფებებსა და ჩვევებს „დასცინის“, რომლებმაც დაივიწყეს, რომ ოდესღაც ბავშვები იყვნენ და ეს ამ ისტორიის მთავარი პრობლემაა; რადგან დიდებმა დაკარგეს წარმოსახვის, აღფრთოვანების, ერთგულების, სიყვარულისა და რწმენის უნარები. ხოლო ამ პატარა წიგნს, რომელიც თითქოს ზღაპარია, სურს, რომ ჩვენ საკუთარი თავისკენ შეგვატრიალოს, სახეში შეგვახედოს და მიგვახვედროს, რა სასაცილო და სასოწარკვეთილ დიდებად ვიქეცით.
მკითხველი ტირის – რა ატირებს მკითხველს? ხომ არ გაახსენდა მას საკუთარი თავი და ხომ არ მიხვდა, რომ რაც მთავარია, ის მართლაც უხილავია თვალისთვის და ამ მთავარს, როგორც მეგობარს, მაღაზიაში ვერ იყიდის?
ყოველი ატირებული მკითხველი ავტორის მიღწეული მიზანია, რომელმაც დაიჯერა, რომ რწმენას შეუძლია წარმოუდგენელ დისტანციაზე წაიყვანოს უდაბნოში დაკარგული ადამიანი, რომელმაც ჯადოსნურად უნდა იპოვოს ჭა და აივსოს ღირებულებების წყურვილი: ლამაზი გახდეს ცა იმ ყვავილის გამო, რომელიც არ ჩანს; ყველა ვარსკვლავმა სახეში შემოსცინოს – დიახ, ჩვენ ყველას გვყავს ვიღაც, ვინც გვენატრება, ვინც დავკარგეთ, მაგრამ არ ვივიწყებთ და ამის გამო, იმედს კი არ ვკარგავთ, სასოწარკვეთაში კი არ ვვარდებით, არამედ მთლიან ცას ვავსებთ მისით და ვიღებთ სასწაულს – ახლა ჩვენ მოცინარი ვარსკვლავები გვყავს.
მაშ ასე, პატარა პრინცი ჩვენს შინაგან ბავშვებს ეძახის, როცა ჩვენ გვჯეროდა, გვწამდა, გვიკვირდა და უანგაროდ გვიყვარდა და ჩვენც, საბოლოოდ, გავიგეთ, გვესმის, მაგრამ ვერ ვპასუხობთ, რადგან ხომ გესმით? ტირილით ვართ დაკავებულები.