
,,პეპიდან რონიამდე“ კურსი შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლეებს წიგნიერების დონე გაუუმჯობესდეთ და მათში კითხვისადმი სიყვარული გააღვივოს.
პროგრამა ეხმარება ბავშვებს წაკითხულის გააზრებაში, წერის უნარის განვითარებასა და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დაფიქსირებაში. ისინი სწავლობენ, როგორ გაუზიარონ აუდიტორიას საკუთარი მოსაზრებები და როგორ მოუსმინონ სხვებს.
კურსის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნობიან ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟებს, წიგნების შექმნის ისტორიებსა და მწერლის შემოქმედებით გზას. განსაკუთრებული გამოცდილება იქნება ლინდგრენის წიგნების მთარგმნელებთან შეხვედრა, რომლებიც გაუზიარებენ თავიანთ დამოკიდებულებას ავტორისადმი, თარგმნის პროცესში გადატანილ სირთულეებსა და სახალისო შემთხვევებს.
ასევე, მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ლინდგრენის გმირები მათი თანატოლები არიან, მსგავსი ფიქრებითა და გამოწვევებით. ეს პერსონაჟები მეგობრობის, თანადგომის, ჰუმანურობისა და ერთმანეთის დაფასების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. კითხვის პროცესში ბავშვები სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ მარცხს, როგორ მოერგონ რთულ სიტუაციებს, როგორ გახდნენ უფრო დამოუკიდებლები და იზრუნონ საკუთარ თავზე.
კურსი ხელს უწყობს პერსონაჟების სიღრმისეულ გააზრებას: მოსწავლეები სწავლობენ მათი გარეგნული თუ შინაგანი თვისებების აღწერას, მთავარ და მეორეხარისხოვან გმირებს შორის განსხვავების პოვნას და მთავარი აზრის გამოტანას.
საბოლოო მიზანია, კითხვა მათთვის გადაიქცეს არა სავალდებულო ამოცანად, არამედ ყოველდღიურ, სასიამოვნო რუტინად, რომელიც სამყაროს მრავალფეროვნებას აზიარებთ. როგორც დანიელ პენაკი აღნიშნავს, კითხვა ბრძანებით კილოს ვერ იტანს — სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ბავშვებს ის ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შევაყვაროთ.
თითოეულ შეხვედრაზე გავეცნობით ასტრიდ ლინდგრენის ერთ ჩანაწერს/წერილს წიგნებიდან „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ და „ომის დღიურები“. ამ წერილებსა და დღიურებში ჩანს ნამდვილი ასტრიდი, შესაბამისად, მოსწავლეები კიდევ უფრო მიუახლოვდებიან მწერლის შინაგან სამყაროს, იმოგზაურებენ მის ყოველდღიურობაში; გაიგებენ ასტრიდის მსოფლმხედველობის, ფიქრებისა და ოცნებების შესახებ.
მსმენელები ლექტორთან ერთად ნახავენ ნაწყვეტებს ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიის მიხედვით გადაღებული ფილმიდან; ამასთანავე, გაეცნობიან „პეპი გრძელწინდასა“ და „ყაჩაღის ასული რონიას“ მიხედვით გადაღებულ ფილმებს. ისინი პარალელებს გაავლებენ წაკითხულსა და ნანახს შორის, რაც ხელს შეუწყობს დეტალებზე დაკვირვების უნარის გამომუშავებას და მაძიებელი მკითხველის ჩამოყალიბებას.
ძალიან, ძალიან უნდა გიყვარდეთ ლიტერატურა ან გქონდეთ დიდი სურვილი, რომ ლიტერატურა თქვენი ცხოვრების მეგზურად აქციოთ.
100 ₾
(თვეში)
გჭირდება დახმარება?