ლამაზი, მაგრამ მოუხერხებელი – რატომ არის ერგონომიკა ინტერიერის დიზაინის უხილავი ფუნდამენტი


ყველას გვინახავს ინტერიერი, რომელიც ფოტოზე იდეალურად გამოიყურება: დახვეწილი ფერთა გამა, ძვირადღირებული ავეჯი, ეფექტური განათება. თუმცა, მასში ცხოვრების დაწყებისთანავე შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ „რაღაც ისე ვერ არის“. სამზარეულოში ტრიალი დამღლელია, დივანთან გავლისას მუხლს მაგიდას ვარტყამთ, ან ტელევიზორის ყურებისას კისერი გვეღლება. ეს ხდება მაშინ, როდესაც დიზაინი აცდენილია ადამიანის ფიზიოლოგიას. სწორედ ამ გამოწვევას, ქაოსს დაგეგმარებაში, პასუხობს ერგონომიკა — მეცნიერება, რომელიც ინტერიერის დიზაინის ფუნდამენტია.

დამწყები დიზაინერისთვის ყველაზე დიდი სირთულე არა ფერების შეხამება, არამედ სივრცის ისე ორგანიზებაა, რომ მან ადამიანს მოარგოს გარემო და არა პირიქით. როგორ ავიცილოთ თავიდან „მკვდარი ზონები“ ან გადატვირთული გასასვლელები? პასუხი ინტერიერის დიზაინის ორ ფუნდამენტურ პრინციპშია — ერგონომიკასა და სივრცის სწორ დაგეგმარებაში. პროფესიონალი დიზაინერის ამოცანაა, ესთეტიკა ფუნქციას დაუქვემდებაროს. მაგალითად, იცოდით, რომ უბრალო სკამიდან წამოდგომასაც კი თავისი „უხილავი“ რადიუსი სჭირდება? თუ სასადილო მაგიდასა და კედელს შორის მანძილი არასწორადაა გათვლილი, ყოველდღიური დისკომფორტი გარდაუვალია.

სივრცის გამართვა ხელოვნებაა. არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები ამას უწოდებენ დიზაინს ადამიანის სხეულისთვის. მიზანი არა მუზეუმის, არამედ გარემოს შექმნაა ცოცხალი ადამიანებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ სივრცეში დაუბრკოლებლად მოძრაობენ. ამიტომ, ნებისმიერი პროექტის ათვლის წერტილი ანთროპომეტრიკაა — დიზაინის ადამიანის სხეულზე მორგება და არა პირიქით. პროფესიონალური გეგმარება ითვალისწინებს, თუ რა მანძილია საჭირო კომფორტული გავლისთვის, რა სიმაღლეზე უნდა იყოს სამუშაო ზედაპირი და როგორ უნდა შეირჩეს ავეჯის გაბარიტები კონკრეტული ადამიანის პროპორციების მიხედვით.

წარმოიდგინეთ სამზარეულო: აქ მოქმედებს ეგრეთ წოდებული „სამუშაო სამკუთხედის“ პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს მანძილს გაზქურას, ნიჟარასა და მაცივარს შორის. თუ ეს მანძილი ზედმეტად დიდია, კერძის მომზადება მარათონულ გარბენს ემსგავსება, ხოლო თუ ზედმეტად მცირეა — არაკომფორტულ პროცესს სივიწროვეში. კარგი დიზაინერი ითვალისწინებს ცირკულაციის პატერნებსა და მოძრაობის მიმართულებას. ეს ჰგავს ქალაქის გეგმარებას მინიატურაში — დიზაინერი საზღვრავს, როგორ ვიმოძრაოთ სივრცეში დაბრკოლებების გარეშე. სწორად დაგეგმილი ინტერიერი გულისხმობს ინტუიციური ტრაექტორიების შექმნას, ანუ მარშრუტების ისე გათვლას, რომ ოთახიდან ოთახში გადაადგილება იყოს ბუნებრივი და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ავეჯთან „შეჯახების“ ან გვერდის ავლის უსიამოვნო მომენტები.

თანამედროვე ინტერიერში, განსაკუთრებით ღია ტიპის ბინებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სივრცის სწორი ზონირება. გამოწვევა იმაშია, რომ ერთიანი სივრცე დაყოფილი იყოს მრავალფუნქციურ ზონებად (მაგალითად, სამუშაო, მოსასვენებელი და სასადილო კუთხეები) ისე, რომ ინტერიერის მთლიანობა არ დაიკარგოს. აქ უკვე საქმეში ერთვება არა კედლები, არამედ ავეჯის განლაგების სტრატეგიები და სინათლის შრეები, რომლებიც სივრცეს უხილავ საზღვრებად ყოფს.

ფუნქციური ესთეტიკა კრიტიკული აზროვნების პროდუქტია. მიზანია შეიქმნას ადამიანზე ორიენტირებული სივრცე, სადაც ვიზუალური მხარე და ფუნქციონალურობა იდეალურ ბალანსშია. სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ერთი აკადემიის ინტერიერის დიზაინის კურსზე სიღრმისეულად ისწავლით — როგორ შექმნათ არა უბრალოდ „ლამაზი სივრცე“, არამედ როგორ გააუმჯობესოთ დამკვეთის ცხოვრების ხარისხი დიზაინის მეშვეობით.