ჯეინ ოსტინი: თავისუფლება, პროტესტი და სიყვარული

ავტორი: მერი მაღლაკელიძე


როცა ჯეინ ოსტინს ვკითხულობთ, ხშირად გვგონია, რომ ვკითხულიბთ სიყვარულის ისტორიებს, სადაც საბოლოოდ „სწორი არჩევანი“ იმარჯვებს. მაგრამ ეს არჩევანი, თუ უფრო ახლოდან შევხედავთ, იშვიათად არის თავისუფალი, რადგან იგი უკვე განსაზღვრულია სოციალური და ეკონომიკური სისტემით, რომელშიც ადამიანი არსებობს.

ამ თვალსაზრისით, “ამპარტავნობა და ამოჩემება” (Pride and Prejudice)შეიძლება წავიკითხოთ არა როგორც რომანტიკული ნარატივი, არამედ როგორც ფსიქოლოგიური ტექსტი – გმირის შინაგანი მონოლოგი, ეჭვები და კითხვები, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ ჩნდება პროტესტი სოციალურ ჩარჩოებს შიგნით. ელიზაბეთ ბენეტი არ არის უბრალოდ ქალი, რომელიც სიყვარულსა და გონებას შორის ბალანსს პოულობს, არამედ პერსონაჟი, რომელიც მუდმივ დიალოგშია საკუთარ თავთან, დაკითხვას უწყობს საკუთარ არსებობასა და გადაწყვეტილებებს: “რა არის ჩემი არჩევანი და რა არის ის, რასაც ჩემგან ელიან?”

მას შემდეგ, რაც ეს კითხვები გაჩნდება, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იბადება თავისუფლების ამბოხი შეზღუდულ სივრცეში. ოსტინის გმირები არ ცხოვრობენ თავისუფალ სამყაროში, მაგრამ ფლობენ ცნობიერებას, რომელიც ამ თავისუფლების დეფიციტს ამჩნევს. ეს ცნობიერება ხშირად ირონიის ფორმით ვლინდება. ირონია ოსტინთან არ არის უბრალოდ იუმორი, ეს არის დისტანცია რეალობასა და მის აღქმას შორის. პერსონაჟი შეიძლება სისტემის წევრი იყოს, მაგრამ ამავე დროს ხედავდეს მის აბსურდულობას. და სწორედ ეს გაორება – მონაწილეობა და ამავდროულად დანახვა ქმნის ფსიქოლოგიურ სიღრმეს.

ამ კონტექსტში, ელიზაბეთ ბენეტის „შეცდომებიც“ საინტერესო ხდება. მისი პირველადი შეფასებები, მისი ცრურწმენები, შეცდომები, მხოლოდ სიუჟეტური ელემენტები არ არის. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც სუბიექტი სწავლობს საკუთარ აღქმა-წარმოდგენებში ეჭვის შეტანას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ელიზაბეთი არა მხოლოდ ირჩევს, არამედ სწავლობს როგორ უნდა აირჩიოს. და ეს უკვე არის ინტელექტუალური და ემოციური ავტონომიის ფორმა.

მაგრამ რამდენად რეალურია ეს ავტონომია? სწორედ აქ ჩნდება ოსტინის ტექსტების ყველაზე საინტერესო დაძაბულობა. ერთი მხრივ, პერსონაჟები აღწევენ პირად ბედნიერებას. მეორე მხრივ, ეს ბედნიერება თითქმის ყოველთვის თანხვედრაში მოდის სოციალურ წესრიგთან. ელიზაბეთი არ ტოვებს სისტემას, ის პოულობს საკუთარ ადგილს მის შიგნით. ამიტომ კითხვა რჩება ღია: ეს გამარჯვებაა თუ ადაპტაცია?

ფემინისტურ წაკითხვაში, ეს მომენტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ოსტინი არ გვაძლევს მარტივ ემანსიპაციას. მისი ტექსტები არ გვთავაზობენ სამყაროს, სადაც ქალი სრულად თავისუფალია. პირიქით, ის გვაჩვენებს, რამდენად ღრმად არის სოციალური ნორმები ჩვენში ფესვგადგმული და როგორ იქცევა გარედან თავსმოხვეული ზეწოლა შინაგან სურვილად და სწორედ ამ პროცესის დანახვაა პირველი ნაბიჯი მისი გააზრებისკენ.

ოსტინის სამყაროში ქორწინება განსაკუთრებით საინტერესო ფენომენია. ერთი მხრივ, ეს არის აუცილებლობა – ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტია. მეორე მხრივ, ეს არის სივრცე, სადაც ქალი ცდილობს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას. ამ მოცემულობაში, ქორწინება ხდება არა მხოლოდ სოციალური ინსტიტუტი, არამედ ფსიქოლოგიური კონფლიქტი: როგორ დარჩე საკუთარი თავის ერთგული მაშინ, როცა შენი ცხოვრების მთავარი არჩევანი უკვე ნაწილობრივ განსაზღვრულია?

ამ კუთხით, ოსტინი გვთავაზობს არა პასუხებს, არამედ ხედვას. ის გვეუბნება, რომ თავისუფლება ყოველთვის არ ნიშნავს სისტემის დატოვებას. ზოგჯერ თავისუფლება იწყება იქ, სადაც ადამიანი აცნობიერებს, რომ მისი არჩევანი ბოლომდე მისი არ არის. ასეთი ცნობიერება კი უკვე ნიშნავს ერთგვარ თავისუფლებას, რადგან გმირი აღარ ცხოვრობს უმეცრებაში – მან იცის, რომ მისი არჩევანი მხოლოდ ნაწილობრივ არის მისი და შეცდომით არ ჰგონია, რომ ავტონომიურია


შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისი ტექსტები დღემდე აქტუალურია, რადგან ისინი გვაიძულებენ დავფიქრდეთ არა მხოლოდ იმაზე, რას ვირჩევთ, არამედ იმაზეც, თუ როგორ ვირჩევთ. სად გადის ზღვარი ჩვენს სურვილსა და იმას შორის, რაც გვასწავლეს, რომ გვინდოდეს? 

ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, არც ოსტინს აქვს. მაგრამ მისი ტექსტები გვაძლევს ბევრად უფრო მნიშვნელოვანს, უნარს, რომ ეს კითხვა დავსვათ.