ავტორი: მერი მაღლაკელიძე
რა თქვა სინამდვილეში მისის დოლოუეიმ ამ ერთი შეხედვით არაფრითგამორჩეული, საყოფაცხოვრებო ფრაზით ისეთი განსაკუთრებული, დღემდე რომ ასე აღაფრთოვანებს მკითხველს?
კონტექსტის გარეშე, მასში მართლაც არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ 1925 წლის იმ ივნისის დილას, კლარისა დოლოუეის მიერ გაჟღერებული ეს სიტყვები, ქუხილივით ისმის. ამ ფრაზამ, საუკუნეების განმავლობაში დამყარებულ უსიცოცხლო წესრიგში ბზარი გააჩინა და სცენაზე ქალი წარმოსდგა, მთელი მისი ავტონომიურობითა და ქარიზმით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თვითონ შეძლებს იმის ყიდვას, რაც სურს, როგორიც სურს და როცა სურს.

მაშ ასე – ეს ახალდაბადებული პერსონაჟი ლონდონის ქუჩებსა და საკუთარ ფიქრებში მიაბიჯებს, სადაც ამჯერად მის გარდა ვერავინ შეაღწევს – ვერც ქმარი, ვერც წარსული და ვერც საზოგადოებრივი როლი. მისი ეს გზა პატარა ოდისეაა, რომლის დასასრულსაც გემი ქალს თავისუფლების ნაპირზე გადაიყვანს.
ვირჯინია ვულფის ყველა ნაწარმოებში ორი უმნიშველოვანესი ფიგურა იკვეთება: ადამიანი, როგორც ასეთი და ქალი, როგორც ამ ადამიანური არსების სრულფასოვანი, ავტონომიური სუბიექტი, რომელსაც უფლება აქვს აირჩიოს, უარი თქვას, მოითხოვოს საკუთარი ოთახი, რომლის კარიც შიგნიდან იკეტება, რათა მშვიდად წეროს.
მისი აზროვნების ამოსავალი წერტილი არარეალისტური ოცნება არ არის. ის კარგად აცნობიერებს, რომ თავისუფლებას მატერიალური საფუძველიც აქვს და სჭირდება. ესეში, “საკუთარი ოთახი”, ის სწორედ ამ აზრს ავითარებს – “ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი, თუკი მას მხატვრული ლიტერატურის შექმნა განუზრახავს”. საკუთარ ოთახსა და ფულში აქ არ იგულისხმება სიმდიდრე, არამედ ის მინიმალური პირობა, რომელიც ქალს დაეხმარება საკუთარ თავთან მარტო დარჩენაში. ოთახი, რომლის კარიც შიგნიდან იკეტება, გადაიქცევა ადგილად, სადაც ქალი სხვის მოლოდინებს კი არ ირეკლავს, არამედ თვითონ ქმნის თავისას და ასრულებს.
ამავე ხაზი გრძელდება მის რომანში „გზა შუქურისკენ“, რომელიც ვულფის სამყაროში ის წერტილია, სადაც ავტონომია ყოველდღიური ყოფიერებიდან მეტაფიზიკურ სივრცეში ინაცვლებს. რომანის ცენტრში ორი ქალია მისის რემზი და ლილი ბრიკო. მათგან პირველი ტრადიციული გაგების ქალურობის სიმბოლოა, რომელიც სხვებზე ზრუნვაში ხედავს თავისი არსებობის აზრსა და გამართლებას, რითაც საბოლოოდ მისი პიროვნება ფერმკრთალდებადა ქრება. სახლის ანგელოზის როლი მის “მე”-ს მხოლოდ წამიერად თუ ამოასუნთქებს.
მისგან რადიკალურად განსხვავებული და პრინციპში, პარადოქსულიც კი არის მხატვარი ლილი ბრიკო, რომლისთვისაც ავტონომია ნიშნავს უარს სოციალურ მოლოდინებზე – არ დაქორწინდეს, არ გახდეს ვინმეს „ანარეკლი“ და დარჩეს საკუთარი იდეალების ერთგული.
ლილის ის ჯიუტი ქცევა, რომელიც თითქოს ტილოზე დასმულ ერთ ხაზს უკავშირდება, სინამდვილეში, ინტელექტუალური დამოუკიდებლობის უმაღლესი აქტია. ამ ერთი ხაზის დევნაში გადის არც მეტი, არც ნაკლები – 10 წელი. ვულფი გვაჩვენებს სამყაროს ადამიანების გარეშე, სადაც მხოლოდ მტვერი და ბუნება იპყრობს მიტოვებულ სახლს, რაც უფრო მეტად გამოკვეთს ადამიანურ მცდელობათა ამაოებას. თუმცა, ამ წარმავლობის ფონზე, მტვრისა და დროის ზედაპირზე, დასრულებული ნახატი ამოანათებს, როგორც გამარჯვების ეგზისტენციალური ფორმა. ეს არის თავისუფლების აქტი და მოწოდება, რომ ქალის მიერ საკუთარი ხედვისთვის ფორმის მიცემა არის ერთადერთი გზა, რითაც იგი დროზე გაიმარჯვებს.
. Yes, she thought, laying down her brush in extreme fatigue, I have had my vision. („დიახ, გაიფიქრა მან და უკიდურესად დაქანცულმა დადო ფუნჯი, მე ჩემი ხილვა მქონდა.“)
ადამიანური ავტონომია თავის უმაღლეს გამოხატულებას მის კიდევ ერთ რომანში მოიპოვებს, რომელსაც “ორლანდო” ეწოდება. მთავარი პერსონაჟი აქ დროში, სივრცესა და სქესში გადაადგილდება. მან თითქოს მთელი სამყარო შეიგრძნო თავისი ყველა ფორმითა და განცდით.
ამ რომანში, ცენტრში ადამიანური თავისუფლება დგას, რომელიც თავისუფალია ნებისმიერი სახის ფორმალური განსაზღვრებისგან. იგი არცერთ ფორმაში არ დაასრულებს საკუთარ თავს. საგულისხმოა, რომ მის გარშემო შემოკრებილ ადამიანებს ეს არც სჭირდებათ იმისათვის, რომ ორლანდო მთელი გულით უყვარდეთ და აღფრთოვანებულები იყვნენ მისით. მთელი წიგნის ლაიტმოტივი არის ერთადერთი: ადამიანებს უყვარდებათ ადამიანი შიგნიდან და არა გარედან. ვირჯინია ვულფს უნდა, რომ ეს ძალდატანებისა და ყოველგვარი რთული მექანიზმების, თუ განმარტებების გარეშე დაანახოს მკითხველს. ის უბრალოდ ამბავს ყვება. დასკვნებს ჩვენ ვაკეთებთ და გვიკვირს, როგორი მარტივია ადამიანის სიყვარული, როცა მას “შიგნიდან” ვხედავთ და არ გვჭირდება გარეგანი განმარტებები, როგორიც არის სქესი, თუ გენდერი; სოციალური სტატუსი და სხვანი.


