ავტორი: მერი მაღლაკელიძე
ჯოან როულინგმა ერთხელ თქვა, რომ ჩვენი არჩევანი ჩვენზე გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობებიო და თავისი შემოქმედებით ეს იდეა საუკეთესოდ მიიტანა ყველაზე რთულად მისასვლელ ადგილას – ადამიანის გულში.
ჰარი პოტერი არ არის მხოლოდ კეთილი ზღაპარი იმის შესახებ, რომ მაგიური სიტყვების ცოდნითა და ჯადოსნური ჯოხის მოქნევით სიკეთე მარტივად გაიმარჯვებს ბოროტებაზე. ჰარი პოტერი არის ცხოვრებისეული იგავი ადამიანის ყოველდღიურობაზე – არჩევანზე, დანაკარგზე, თავგანწირვაზე, სიმამაცეზე, მეგობრობასა და სიყვარულზე. თუმცა, ამავდროულად, ამბავი იმაზეც არის, რომ ზოგჯერ ბოროტება პატარა ბრძოლებს იგებს – ეს მაშინ, როცა მთავარი გმირი თითქმის დანებებულია, ან დანებებას აპირებს. ან მაშინ, როცა ეჭვი ეპარება საკუთარ თავსა და მეგობრებში, მაგრამ ჩვენ მაინც ვიცით და გვჯერა სამყაროს იმ წესრიგის, სადაც სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს.
გამარჯვებები არ არის მხოლოდ მთავარი გმირის მონაპოვარი. უფრო მეტიც, ეს უფრო ხშირად დამხმარე პერსონაჟების დამსახურებაა, რომლებსაც მთავარი გმირი საჭირო ადგილამდე მიჰყავთ. და არა მხოლოდ მიჰყავთ, არამედ თავის გაწირვასაც კი არ უფრთხიან, რათა საერთო მიზანი აღსრულდეს. ამას ვხედავთ “ფილოსოფიური ქვის” თითქმის ფინალურ ეპოზოდში, როდესაც მაგიური ჭადრაკის დაფაზე, მხედრის ფიგურაზე შემომჯდარი რონ უისლი საკუთარი თავის გაწირვას აპიებს იმისათვის, რომ ჰარიმ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოს და ყველაზე საშინელ და ამავდროულად გამბედავ სვლას გამოაცხადებს: “მხედარი H3”-ზე, შესძახებს იგი და მაგიურ სამყაროში საუკეთესო საჭადრაკო პარტიას გაითამაშებს, რითაც გადაარჩენს ფილოსოფიურ ქვას და შესაბამისად, ლორდი ვოლდემორტის დაბრუნებას გადაავადებს.
თუ რონის თავგანწირვა საკუთარი თავის ფარად ქცევასა და ფიზიკური განადგურების რისკს შეიცავდა, ჰერმიონი საკუთარ იდენტობაზე ამბობს უარს, როცა საკუთარ მშობლებს დავიწყების შელოცვას “Obliviate”-ს მიუშვერს. რა უნდა იყოს იმაზე დიდი მსხვერპლი, ვიდრე მშობლებზე უარის თქმაა და კიდევ უარესი, როცა მათ საერთოდ ავიწყებ შენს არსებობას? მან საკუთარი თავი ობლად აქცია ცოცხალი მშობლების პირობებში. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ საყვარელი ადამიანები იმ მოსალოდნელი ტკივილისგან დაეცვა, რომელიც შესაძლოა მათ მისდგომოდათ შვილის დაკარგვის გამო. ჰერმიონის მსხვერპლი ორმაგია – ის როგორც მშობლებზე უარის თქმას გულისხმობს, ასევე იმის გააზრებასაც, რომ შესაძლოა ბრძოლიდან ცოცხალი ვერ გამოსულიყო.
ორმაგ ძალისხმევას მოითხოვს ის სიმამაცე, რომელიც ბნელში ხორციელდება და ვერავინ ამჩნევს – როგორიც არის სნეიპის შემთხვევაში. მას არა მხოლოდ ანტაგონისტის როლის თამაში უწევს, არამედ ამ როლში შიგადაშიგ ქცევით შესვლა. მაგრამ ყველაზე დიდი მსხვერპლი, რაც მან გაიღო, იყო მდუმარედ ტარება დაუფასებელი სიყვარულის, რომელიც საკუთარ ფარად გადააქცია და საჭირო მომენტებში საჭირო ადამიანებს გადააფარა. სნეიპი არა მხოლოდ სიმამაცის მაგალითია, არამედ გვასწავლის იმასაც, რომ ადამიანის ქცევის შესაფასებლად და დასკვნების გამოსატანად ნამდვილად დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა შეცდომაში არ შევიდეთ.მან გვასწავლა, რომ ყველაზე კაშკაშა სინათლე ხანდახან ყველაზე ღრმა უფსკრულში იმალება
საბოლოოდ, პოტერიადას ეს(და კიდევ ბევრი სხვა) ეპიზოდები გვახსენებენ მთავარს: სიმამაცე არ არის მსხვერპლი, რომელსაც სხვების დასანახად ვიღებთ. ეს არის უტყვი არჩევანი საკუთარ თავსა და სინდისს შორის და შესაძლოა, ჩვენს ყოველდღიურობაშიც, სწორედ ეს “უტყვი მაგია” – ზოგჯერ სხვისი ინტერესის საკუთარზე წინ დაყენება იყოს ის ერთადერთი ძალა, რომელიც სამყაროს წონასწორობას შეუნარჩუნებს.




