გალაკტიონი: “დედამიწავ! სული არის, შეუზღუდველ სულთა თანა”

ავტორი: მერი მაღლაკელიძე


სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ადამიანებს არ შეგვიძლია ერთმანეთის სულში ჩახედვა. ვინ იცის, ეს რომ მართლაც შეგვეძლოს, რამდენ საშინელებას დავინახავდით იქ, მიუდგომელ ჯურღმულებში. მაგრამ ვინ იცის, რამდენი სილამაზეც იკარგება ამის გამო თვალსა და ხელს შუა. ასე დაიკარგა გალაკტიონიც – ასე დაიკარგა მისი სამოთხეც და მისი ჯოჯოხეთიც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრი რამ ვიცით მის შესახებ, რადგან ვკითხულობთ მის ლექსებს, მოგონებებს მასზე, მის დღიურებსა და წერილებს. ასე თუ ისე, თითქოს ვიცნობთ ამ დიდებულებას. აღგვაფრთოვანებს მისი პოეზიის მუსიკა და სიტყვების სილამაზე. დიდებულია, დიდებულია – ვამბობთ და ასეც არის. ბევრმა მოყვარულმა (მათ შორის ამ ტექსტის ავტორმაც), ზეპირად იცის მისი არაერთი ლექსი და ის გზაც, რომელიც მან გაიარა იქამდე, სანამ საავადმყოფოს ჩვეულებრივი შენობის მეოთხე სართულიდან გადმოიქცეოდა და მარადისობას შეერეოდა, მაგრამ მაინც ვინ იყო ის, გალაკტიონი, არა პოეტი, არამედ როგორც ადამიანი?

მოდით, ვნახოთ…
“მე მთელს დედამიწას დუელში ვიწვევ, ვნახოთ, რა იქნება! ვნახოთ..”
რამხელა ჟინი, წინააღმდეგობა და ძალაა, ამ სიტყვებში, თითქოს… და სინამდვილეში, რამხელა მარტოობა და ამ მარტოობისგან დაწყვეტილი გულის ძახილია. ასეთია დიდებული გალაკტიონი, სინამდვილეში. მარტოსული, გულნატკენი და გულდაწყვეტილი. თითქოს მისთვის გაუგებარია ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ არცერთ ადამიანს არ შეუძლია მეორეს გაგება ბოლომდე. მას თითქოს ეს თან ესმის და თან არა…

“რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული”

კი, თან ალბათ ესმის, მაგრამ თან ვერ ეგუება.

ყველა მნახველი, ვისაც მისი სახლი უნახავს ჭყვიშში, წარმოიდგენს წარმოუდგენელს – გაცოცხლებულ მითოსს სახლის წინ ატოკებულ და აცეკვებულ იასამანზე და წარმოიდგენს შუაღამისას აფოროაქებულ, მბორგავ გალაკტიონს იმ პატარა ქოხის კედლებს შორის, რომელიც იქაურობას თან ეკუთვნის და თან არა.
მაგრამ, მაინც სად იყო მისი ადგილი? იქ, იმ ხის კედლებს შორის? რიონის ნაპირის სიახლოვეს? ხეივანში?



“პატარა სახლი, როგორც ნალია, თვით სასახლეზე იდუმალია” – ამ სიტყვებით აშენდებოდა ის პატარა ქოხი თან საკმარისი, თან ფიჩხის ტოლი.

აქ თუ არა, მაშინ სად მოთავსდებოდა “ეფემერას” ავტორი?
სად მოისვენებდა?

მისთვის, როგორც ჩანს, არც ადამიანი იყო და არც ღმერთი. ამდენი ხალხით გარშემორტყმულს, მაინც მარტოობა შესჩენოდა.

“რადგან ღმერთი ჩემშივეა და მევე ვქმნი ბედისწერას” – რა შექმნა სინამდვილეში საკუთარი თავისთვის? ვერაფერი. ჩვენთვის? -ყველაფერი. რადგან როცა ვინმე პოეზიაზე საუბრობს, თუ მის გონებაში პირველი გალაკტიონის სილუეტი არ გამოიკვეთა, ვერაფერი შვილი ყოფილა მისი აღქმა პოეზიისა. თუ ვინმე მაინც ასე იფიქრებს, ალბათ მას არც არაფერი გაუგია გალაკტიონის.


მისი პოეზიიდან ჩვენ ვიგებთ, რომ სადღაც, პატარა სოფლის პატარა ქოხში გაჩნდა ადამიანი, რომელსაც მისდა ჭირად გაუგია და შეუსწავლია შარლ ბოდლერი, ედგარ პო და დიდი მსოფლიო ლიტერატურა, ზოგადად. მითოლოგია და ფილოსოფია. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სოფელ ჭყვიშიდან მთელს მსოფლიოს სწვდებოდა, რასაც  ბევრი მისი თანამედროვე ვერ დაიკვეხნიდა, ობიექტურად. შესაბამისად, ეს იყო მისი მარტოობის გამომწვევი მიზეზიც.
მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც ოლია ოკუჯავას მისწერა 1916 წელს, ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ:

“… ოლკინ, შენ აღარ გიყვარვარ! არავის არ ვუყვარვარ ქვეყანაზე! ….ამ წერილს “კაფეში” ვწერ. შემოვიდა გრ.ლაღიძე და ყველას სალამი მისცა ჩემს მეტს. ვნახოთ… ვნახოთ.”



მისი ძმა ამბობდა, რომ მიწაზე დაშვებული გალაკტიონი სასაცილო იყოო, მაგრამ უფრო ალბათ უხერხული იყო, რადგან ძნელია მოიძებნოს ადგილი სამყაროში ასეთი კაცისთვის. რომელიც თან ასეთი პატარა და თან ასეთი კოსმიურია.

და მაინც, სად დაეტეოდა? ალბათ წუთსა და მარადისობაში

“მიწიდანაც ტყვედყოფილი თვალს ვადევნებ ვარსკვლავთ რბენას
და მაშინაც წუთში ვეძებ საოცნებო აღმაფრენას”

ზოგს, ალბათ გალაკტიონი მედიდურად მოეჩვენება, ვინაიდან ის ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის სიდიადეს. ვითომ მართლა ასეა? თუ იქნებ ეს წუხილი იყოს, იქნებ ეს ნეკროლოგი იყოს საკუთარი მარტოობისა და იმის, რომ ვერავინ ხედავდა? მან მართლაც მოახერხა სწორად შეეფასებინა საკუთარი სიმაღლე სიტყვიერად:

“მე სული ვარ შემოქმედი, შეუზღუდველ სულთა თანა,
სამუდამო, – როგორც ღმერთი, დაუძლევი, ვით სატანა”



მაგრამ ასე ფიქრობდა კი მართლაც? მაშ, რას ემსახურება მის წერილებში მცირე გულგრილობით გამოწვეული საკუთარი არსებობის ღირებულების დაკითხვა და დაეჭვება?

მაგრამ რას გავიგებთ, აბა? ის ხომ გალაკტიონია, რომელიც ამბობს: “მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს”

ან იქნებ, სულ ცოტა მაინც გავიგოთ.