ავტორი: მერი მაღლაკელიძე
როდის შეწყვიტა სამყარომ ჩვენი გაოცება? როდის იქცა მზის ამოსვლა ჩვეულებრივ მოვლენად, ზღვის ხმაური ნაცნობ ბგერად, ხოლო ყოველი ახალი დღე გუშინდელის გამეორებად?
ბავშვობაში სამყაროს აღმოსაჩენად განსაკუთრებული მიზეზები არ გვჭირდებოდა. გვაოცებდა ყველაფერი, რასაც პირველად ვხედავდით, ვეხებოდით ან ვგრძნობდით. შემდეგ გავიზარდეთ, დავაგროვეთ ცოდნა, გამოცდილება, ვისწავლეთ მოვლენების ახსნა და თანდათან სულ უფრო იშვიათად დაგვრჩა დრო თავად განცდისთვის.
თითქოს სამყაროს შეცნობასთან ერთად მისი აღმოჩენის უნარიც დავკარგეთ.
ნიკოს კაზანძაკისის „ალექსის ზორბასის ცხოვრება“ სწორედ ამ დაკარგული უნარის, სიცოცხლის ხელახლა აღმოჩენისა და თავისუფლების შესახებ დაწერილი რომანია. მისი მთავარი გმირი კი ადამიანია, რომელსაც სამყაროსთან ურთიერთობის ბავშვური უშუალობა არ დაუკარგავს. ზორბასისთვის ყოველი დღე ახალი თავგადასავალია, ყოველი შეხვედრა სიცოცხლის კიდევ ერთი გამოვლინება, ხოლო ყველაზე ჩვეულებრივი მოვლენაც კი შეიძლება ნამდვილ სასწაულად იქცეს.
კაზანძაკისი ზორბასის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თვისებას ასე აღწერს:
„უნარი, ყოველ დილას მიამიტურად, ახლებურად შეეხედა ჩვეული გარემომცველი სამყაროსთვის: ჰაერისთვის, ზღვისთვის, ცეცხლისთვის, ქალისთვის, პურისთვის…“
ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს ყოველდღე პირველად ხედავს. და იქნებ, სწორედ ამაშია მისი თავისუფლების საიდუმლოც.
რომანი ორი სრულიად განსხვავებული ადამიანის შეხვედრით იწყება. ერთი განათლებული ინტელექტუალია, რომლის ყოველდღიურობაც წიგნებს, ფილოსოფიურ განსჯასა და სულიერ ძიებას უკავშირდება. მეორე კი ალექსის ზორბასია, გაუნათლებელი, მოუთოკავი, ვნებებითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით სავსე კაცი, რომელსაც თითქოს ყველაფერზე საკუთარი პასუხი აქვს.
მთხრობელი სიცოცხლის არსის ამოხსნას ცდილობს. ზორბასი კი ცხოვრობს.
ერთი სიყვარულზე ფიქრობს, მეორე უყვარდება. ერთი თავისუფლებას წიგნებში ეძებს, მეორე კი თავისუფლებას საკუთარი არსებობის წესად აქცევს. ერთი ცდილობს, სამყაროს მნიშვნელობა გონებით ჩასწვდეს, მეორე კი მას მთელი სხეულით შეიგრძნობს.
მათი ურთიერთობა თანდათან მასწავლებლისა და მოსწავლის უჩვეულო კავშირს ემსგავსება, ოღონდ აქ მასწავლებლის ადგილი არა განათლებულ ინტელექტუალს, არამედ ცხოვრებასთან უშუალო შეხების მქონე ადამიანს უკავია. ზორბასი ერთდროულად მოგვაგონებს დონ კიხოტესაც და სანჩო პანსასაც: ერთისგან ოცნებისკენ შეუჩერებელი სწრაფვა აქვს, მეორისგან კი მიწიერ სიამოვნებებთან სიახლოვე და პრაქტიკული ცხოვრების ცოდნა.
ამიტომაც არ არის მათი ურთიერთობა უბრალო დაპირისპირება განათლებასა და გაუნათლებლობას შორის. კაზანძაკისი გაცილებით რთულ კითხვას სვამს: რისთვის გვჭირდება ცოდნა, თუ ის ცხოვრებასთან გვაახლოების ნაცვლად მისგან გვაშორებს?
შეიძლება ყველაფერი იცოდე სიყვარულის შესახებ და მაინც გეშინოდეს შეყვარების. შეიძლება თავისუფლებაზე უსასრულოდ მსჯელობდე და საკუთარი ცხოვრების შეცვლას ვერ ბედავდე.
შეიძლება სიცოცხლე ყველაზე დიდ ღირებულებად მიგაჩნდეს, მაგრამ მის ნამდვილ განცდას მუდმივად მომავლისთვის გადადებდე.
ზორბასი მთხრობელს სწორედ ამ წინააღმდეგობას აჩვენებს. მისთვის იდეა, რომელსაც ადამიანის არსებობის შეცვლა არ შეუძლია, მხოლოდ აბსტრაქციად რჩება.
ზორბასის თავისუფლებას უკან დგას ფილოსოფიური ამბოხი ყოველივე იმის წინააღმდეგ, რაც ადამიანს სიცოცხლის უშუალო განცდას უზღუდავს.
აქ განსაკუთრებით საგრძნობია ფრიდრიხ ნიცშეს გავლენა კაზანძაკისის მსოფლმხედველობაზე. ნიცშეს ფილოსოფია ჩაქუჩით, ძველი კერპების გადაფასება და დამკვიდრებული ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენება ზორბასის სახეშიც თავისებურად ცოცხლდება.
რას ანგრევს ზორბასი?
უპირველესად, იმ წარმოდგენებს, რომლებიც ადამიანს საკუთარი არსებობის უარყოფისკენ უბიძგებს. მისთვის საეჭვოა ნებისმიერი მორალური, თუ რელიგიური მოძღვრება, რომელიც სხეულსა და სულს ერთმანეთის მტრებად აცხადებს, ვნებას მხოლოდ ცოდვად განიხილავს და ადამიანს ამქვეყნიური ცხოვრების დათმობის სანაცვლოდ მომავალ ხსნას ჰპირდება. ზორბასი ვერ ეგუება სამყაროს, სადაც სიცოცხლის წყურვილი დასათრგუნი სისუსტეა. მას არ სურს საკუთარი ადამიანური ბუნების უარყოფა იმისთვის, რომ სრულყოფილებას მიაღწიოს.
ზორბასი ძველი ღირებულებების ნანგრევებზე სიცოცხლის ახალ აღქმას გვთავაზობს. სამყაროს, სადაც ღმერთთან შეხვედრა მხოლოდ ტაძარში, ლოცვასა თუ მეტაფიზიკურ განსჯაში არ ხდება. ღვთაებრივი შეიძლება ყველაზე ჩვეულებრივ, მიწიერ მოვლენებშიც აღმოვაჩინოთ.
„ღმერთი სახეებს იცვლის და ბედნიერია ის, ვისაც ყოველი ნიღბის უკან მისი გაცნობა შეუძლია. ხან ერთი ჭიქა გრილი წყალია, ხან ვაჟი, რომელსაც კალთაში ვათამაშებთ, ზოგჯერ კეკლუცი ქალია, ხანაც დილის მოკლე
გასეირნება.“
წმინდა და ყოველდღიური ერთმანეთისგან აღარ არის გამიჯნული. ერთი ჭიქა წყალი, ადამიანის შეხება, დილის სეირნობა ან მზის სხივი შეიძლება ისეთივე ღრმა განცდის წყარო გახდეს, როგორიც ყველაზე რთული ფილოსოფიური აღმოჩენა. ეს ღვთაებრივის უარყოფა კი არა, მისი სამყაროში დაბრუნების მცდელობაა.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მრავლისმთქმელია რომანის ერთი პატარა, თითქოს უმნიშვნელო დეტალი:
„ოთხმოცი წლის ქალი სერენადას ელოდა!“
ამ ერთ წინადადებაში მთელი სიცოცხლეა მოქცეული. სიბერე, წარმავლობა, სურვილი, სიყვარული და ადამიანური მოლოდინი, რომელიც ასაკთან ერთად არ ქრება.
ზორბასის სამყაროში არ არსებობს ასაკი, როდესაც ადამიანმა სიცოცხლისგან სიხარულის მოლოდინი უნდა შეწყვიტოს.
ყველაფრის მიუხედავად, ზორბასის უპირობო განდიდება თავად რომანის სირთულეს დაგვაკარგვინებდა.
მისი პერსონაჟი შორს დგას თანამედროვე გაგებით იდეალური ადამიანისგან. ხშირად უხეშია, იმპულსური, წინააღმდეგობრივი. ქალებისადმი მისი დამოკიდებულება კი არაერთხელ გადადის თავისუფლების სიყვარულიდან ქალის ობიექტივაციამდე.
ზორბასი, რომელიც საკუთარ თავისუფლებას ასე თავგამოდებით იცავს, ყოველთვის ვერ ახერხებს სხვისი თავისუფლების იმავე სიღრმით დანახვას.
ეს წინააღმდეგობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კაზანძაკისის სამყაროში სიცოცხლე მხოლოდ ლამაზი პეიზაჟებით, სიყვარულით, ღვინითა და ცეკვით არ შემოიფარგლება. რომანში გვხვდება ძალადობა, სისასტიკე, ადამიანური სიხარბე და სიკვდილი. აქ ადამიანები ერთმანეთს ტკივილს აყენებენ, ერთმანეთის ბედს ანადგურებენ და ზოგჯერ ყველაზე სასტიკ ქმედებებსაც ტრადიციისა თუ მორალის სახელით ამართლებენ.
როგორ უნდა შეიყვარო სამყარო, რომელშიც ამდენი უსამართლობაა?
როგორ უნდა აღიარო სიცოცხლე სასწაულად, როდესაც ადამიანის არსებობა ამდენ წინააღმდეგობას იტევს?
ზორბასის სიცოცხლის სიყვარული არ ეფუძნება რწმენას, რომ ადამიანი ბუნებით კეთილია ან სამყარო სამართლიანად არის მოწყობილი. იგი კარგად იცნობს ადამიანის სისუსტეს, სიბრიყვესა და სისასტიკეს, მაგრამ ამ ცოდნის მიუხედავად, სიცოცხლისგან ზურგის შექცევას არ აპირებს.
„ეს სამყარო საიდუმლოა, ადამიანი კი – დიდი საქონელი. დიდი საქონელი და დიდი ღმერთი.“
ამ პარადოქსში ადამიანის ორმაგი ბუნებაა მოქცეული. მას შეუძლია იყოს სასტიკიც და დიდსულოვანიც, საცოდავიც და ამაღლებულიც, დამანგრეველიც და შემოქმედიც.
ზორბასი ადამიანის ამ წინააღმდეგობრივ ბუნებას კი არ უარყოფს, არამედ თვითონაც მისი ნაწილია.
ზორბასის სიცოცხლესთან მიმართების ყველაზე ნათელი მაჩვენებელია მისი ცეკვა მაშინ, როცა ყველაფერი ინგრევა.
რომანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდში, წამოწყების სრული კრახის შემდეგ, ზორბასი და მთხრობელი ცეკვავენ. რა არის ეს, თუ არა სიცოცხლის მიმართ უჩვეულო ნდობა?
ზორბასმა იცის, რომ ყველა ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებს, ყველა სიყვარულს ვერ შეინარჩუნებს და ყველა დანაკარგს ვერ აანაზღაურებს. მაგრამ მისთვის მარცხი სიცოცხლის უარყოფის საფუძველი არ ხდება.სწორედ ამიტომ არის მისი ცეკვა თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიტერატურული მეტაფორა.
ცეკვისას ადამიანი მცირე ხნით თავისუფლდება ყველაფრის ახსნის, გამართლებისა და კონტროლის აუცილებლობისგან. სხეული გამოხატავს იმას, რისი გადმოცემაც სიტყვებით ვეღარ ხერხდება.
და იქნებ სწორედ ეს არის ზორბასის მთავარი გაკვეთილიც იმ მთხრობელისთვის, რომელიც სამყაროს შეცნობას წიგნების საშუალებით ცდილობს: ზოგჯერ ცხოვრებასთან მიახლოებისთვის საჭიროა არა კიდევ ერთი პასუხის პოვნა, არამედ თავად განცდაში მონაწილეობა. ზორბასი მას არ სთავაზობს მზა ცოდნას. არ ასწავლის, როგორ დაამარცხოს სიკვდილი, ან როგორ აირიდოს ტანჯვა. ის ცდილობს იმის ჩვენებას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი მაშინაც, როდესაც ცხოვრების ყველა გარემოებას ვერ აკონტროლებს.
კაზანძაკისისთვის ზორბასი გაცილებით მეტია, ვიდრე გამორჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.
მწერალი იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მის მსოფლმხედველობაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს, ჰომეროსს, ანრი ბერგსონსა და ფრიდრიხ ნიცშესთან ერთად ზორბასსაც ასახელებს.
და მისგან მიღებულ გაკვეთილს ერთი პარადოქსული წინადადებით აჯამებს:
„ზორბასმა კი სიცოცხლის სიყვარული და სიკვდილის შიში მასწავლა.“
რატომ სიკვდილის შიში?
იქნებ იმიტომ, რომ სიცოცხლის ნამდვილი სიყვარული მისი წარმავლობის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია. ზორბასი არ არის ადამიანი, რომელსაც სიკვდილი არ აშინებს. პირიქით, სწორედ სიცოცხლის მძაფრი წყურვილი აქცევს მის დასრულებას ასეთ საშიშ მოვლენად.მაგრამ ეს შიში მას არსებობისგან გაქცევისკენ არ უბიძგებს. სიკვდილის გარდაუვალობა კიდევ უფრო ძვირფასს ხდის ყოველ გათენებას, ყოველ შეხვედრასა და ყოველ სიხარულს.ადამიანს, რომელმაც იცის, რომ ყველაფერი დასრულდება, ორი გზა რჩება: შეუძლია ამ ცოდნით არსებობა დაიმძიმოს ან სწორედ ამიტომ შეიყვაროს ის უფრო ძლიერად.
ზორბასი მეორე გზას ირჩევს.
ალბათ, სწორედ ამიტომ ინარჩუნებს რომანი აქტუალობას დღესაც, როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა მიზნებით, გეგმებით, ვალდებულებებითა და მომავლის მუდმივი მოლოდინით არის სავსე.
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ნამდვილი ცხოვრება ოდესმე მოგვიანებით დაიწყება. როცა მეტ დროს გამოვნახავთ, ფინანსურ სიმშვიდეს მივაღწევთ, შიშებს დავძლევთ ან საკუთარ თავში ყველაფერს მოვაწესრიგებთ.
ამ მოლოდინში კი შეიძლება შეუმჩნეველი დაგვრჩეს ის, რისთვისაც თითქოს ამდენს ვშრომობთ.
ზორბასი გვახსენებს, რომ სიცოცხლე იდეალურ პირობებს არ ელოდება. ის უკვე მიმდინარეობს, მთელი თავისი სირთულით, სიხარულით, ტკივილითა და წარმავლობით.
და მისი სიყვარული არც მუდმივ ბედნიერებას ნიშნავს და არც განსაცდელებისგან თავისუფლებას.
სიცოცხლის სიყვარული, შესაძლოა, სწორედ ის უნარია, რომ სამყაროს არასრულყოფილების გაცნობიერების მიუხედავად, არ დაკარგო მისით გაოცების უნარი.
და როცა ცხოვრება შენს გეგმებს თავდაყირა დააყენებს, მაინც შეგეძლოს ადგე და იცეკვო.
რადგან, საბოლოოდ, კაზანძაკისის ზორბასი ერთ მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის: თავისუფლება მხოლოდ იმის უფლება კი არ არის, რომ საკუთარი ცხოვრება თავად განაგო, არამედ გამბედაობაც, ბოლომდე განიცადო ის.








