ათეისტის მორალი 

ავტორი: მერი მაღლაკელიძე


 რატომ უნდა მოიქცეს ადამიანი მორალურად, თუ მას სჯერა, რომ ღმერთი არ არსებობს და “ცა ცარიელია?”

როცა კამიუ აცხადებს, რომ “ცა ცარიელია”, ის ამით არ აანონსებს ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თავისუფალ ადამიანს. ეს განაცხადი იყო ცნობა იმის შესახებ, რომ უზენაესი განგების თვალი არ გადმოგვყურებს ზეციდან და იქედან არც კანონები გადმოიღვრება მზა რეცპტებად. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ სამყაროში უმიზეზოდ “გადაგდებული” (ჰაიდეგერისეული გაგებით) ადამიანისთვის ამიერიდან ყველაფერი ნებადართულია? 


სინამდვილეში, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება – მას ევალება თვითონ შექმნას ისეთი მორალური სისტემა, რომელშიც თავად იცხოვრებს. იგი თვითონ ხდება პასუხისმგებელი საკუთარ ბედნიერებასა თუ უბედურებაზე. სწორედ ამიტომ დაწერა ათეისტმა კამიუმ “სისიფოსის მითი” და განმარტა, რომ ჩვენ სისიფოსი უნდა წარმოვიდგინოთ ბედნიერი. რა აბედნიერებს ტვირთაკიდებულ, აღმართზე შემდგარ ადამიანს, რომელსაც ეს ზურგზე წამოკიდებული ლოდი შიგადაშიგ უგორდება? რატომ არ ნებდება იგი და რატომ იწყებს თავიდან ამ ლოდის აღმართზე ატანის მცდელობას კიდევ და კიდევ? – ზურგზე ლოდმოკიდებული სისიფოსი ყოველგვარი უზენაესი მიზნისა და პროვიდენციის გარეშე დარჩენილი ადამიანის უსაზრისო ყოველდღიურობის ალეგორიაა. 

მაშ, რატომ ეშვება სისიფოსი ქვემოთ, თავის მძიმე ტვირთთან? საქმე იმაშია, რომ სისიფოსს გაცნობიერებული აქვს თავისი ხვედრის უაზრობა, მაგრამ უარს ამბობს სასოწარკვეთაზე. ის არსაიდან ელის შვებას. არ ეძებს ხსნას და არ ეძლევა ილუზიებს, არამედ სრულიად აცნობიერებს სამყაროს აბსურდულობას და ამის მიუხედავად, პასუხისმგებლობას იღებს თავის მძიმე ხვედრზე და ირჩევს ღირსებას, შრომასა და სიკეთეს. აბსურდში გაცნობიერებული ადამიანი გამოფხიზლებული ადამიანია, რომელიც ავტომატურად, მექანიკურად კი არ აღასრულებს თავის საქმეს, არამედ იცის რას აკეთებს და რატომ. ასეთი ადამიანი სისტემის წინააღმდეგ აჯანყდება. იგი არავისგან ელის ჯილდოსა და ნუგეშს –  ჩვენ არ გვჭირდება ზეციური ჯილდო, ან ღმერთის შიში იმისათვის, რომ ადამიანები ვიყოთ. მორალური არჩევანი არის ჩვენივე გააზრებული, თავისუფალი ბუნტი აბსურდის წინააღმდეგ და ვამბობთ: ჩვენ ვიცით, რომ ცა ცარიელია, მაგრამ მაინც ხელს ვუწვდით ერთმანეთს, რადგან სხვანაირად ვერ გადავრჩებით.

ამ თვალსაზრისს ბევრი მოწინააღმდეგე და მცველიც ჰყავს. მაგალითად, დოსტოევსკი, რომელიც არაპირდაპირ გვეუბნება, რომ თუ ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი ნებადართულია. თუმცა, მისსავე ნაწარმოებებში, ჩვენ ვაწყდებით პარადოქსულ მდგომარეობას, როცა რომანის პერსონაჟები რწმენის დაკარგვისთანავე ცდილობენ მორალური საყრდენის მოშორებასაც, თუმცა ამ თვითნებობის წინააღმდეგ მათივე სინდისი ჯანყდება. 


რწმენის არარსებობა არ ნიშნავს ემპათიის მოსპობას – პირიქით. როცა იაზრებ, რომ ეს ერთადერთი ცხოვრებაა და სხვა “გადარჩენა” არ არსებობს, სხვისი ტკივილის მიმართ მეტად ემპათიური ხდები. მიზეზი მარტივია – თუ გამოვრიცხავთ ღმერთს, გადარჩენის შანსად გვრჩება მხოლოდ ის, რასაც გვთავაზობს იმანუელ კანტი. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ჩვენი ქცევა გამოდგეს საზოგადო ქცევის მაქსიმად. მორალური საზოგადოების ოქროს წესად კანტი გვთავაზობს შემდეგს: მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა, რომ სხვები მოგვექცნენ.
მორალი კანტთან არ საჭიროებს  ზეციურ შიშს: ის გამომდინარეობს ადამიანის გონიერებიდან და თვითკონტროლიდან.  


მოგვიანებით, ნიცშე განაცხადებს, რომ “ღმერთი მოკვდა”, რაც დიდ რეზონანსს გამოიწვევს და დაბნეული ადამიანები მის მოძულებას გადაწყვეტენ, რადგან “მკვდარი ღმერთის” პირობებში, ადამიანი ჩვეული საყრდენის გარეშე რჩება, რაც არცთუ ისე სასიამოვნო რეალობაა. ხოლო ნიცშე თავისას არ დაიშლის და ხმამაღლა “აყვირებს” მაღალ მთაზე შემომდგარ ზარატუსტრას ამ საშინელ ნეკროლოგს – ადამიანო, ახლა შენ თვითონ ხარ პასუხისმგებელი შენს ქცევაზე. შენ ხარ მახვილიც და ის ხელიც, რომელიც ამ მახვილს აღმართავს.


საბოლოო ჯამში, ათეისტის მორალი არ არის მორალური ვაკუუმი. პირიქით, ეს არის პასუხისმგებლობის უმაღლესი ფორმა. მოცემულობაში, სადაც  „ცა ცარიელია“ და ჩვენ სამყაროში უმიზეზოდ ვართ „გადაგდებულნი“ და სარტრის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ადამიანი განწირულია თავისუფლებისთვის“, ჩვენ არ გვაქვს არავითარი საბაბი, რომ ჩვენი ქცევა და მისი შედეგები რაიმე უზენაეს ნებაზე, ან გარემოებაზე გადავანაწილოთ. ეს თავისუფლება ხშირად დამძიმებულია იმ რეალობითაც, რომ ჩვენი თანაარსებობა სხვებთან მუდმივ დაძაბულობას ქმნის (როგორც სარტრი ამბობს: „ჯოჯოხეთი სხვებია“), რადგან სხვა ადამიანების მზერა და არსებობა მუდმივად გვაიძულებს, ვიყოთ ანგარიშვალდებულნი – ანგარიშვალდებულნი საკუთარი თავის წინაშე და ანგარიშვალდებულნი, მოვიქცეთ ღისეულად მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჯოჯოხეთს მოგვიწყობენ “სხვები”.

სწორედ ეს თავისუფლება გვაყენებს ყოველდღიური არჩევანის წინაშე. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი არა იმიტომ, რომ ზეციური სასჯელის გვეშინია, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ გადავრჩებით. ათეისტური მორალი თავისუფალი ადამიანის აჯანყებაა უაზრობის წინააღმდეგ, როდესაც ვიცით, რომ კედლები მყარია და პასუხს არავინ გაგვცემს, მაგრამ მაინც ვირჩევთ სიკეთეს, შრომასა და ღირსებას.