ავტორი: მერი მაღლაკელიძე
ვესტეროსის უსასრულო ომებსა და პოლიტიკურ ინტრიგებში ყველაზე დიდი საფრთხე ხშირად არა ყინულის კედლის მიღმა, არამედ წმინდა ტაძრებსა და საკურთხევლებთან იმალება. იქ, სადაც ადამიანებმა ღმერთების ხმა საკუთარი ამბიციებით ჩაანაცვლეს. ჯორჯ მარტინის სამყარო გვაჩვენებს საშიშ პარადოქსს: რელიგიური სისტემა, დროთა განმავლობაში, ხშირად იქცევა იმ ადამიანების (ქურუმების) თაყვანისცემად, რომლებიც ამ სისტემას მართავენ. როდესაც ღმერთის მაცნეები“ თავად ხდებიან ღმერთები, ღმერთი ავიწყდებათ და მის ადგილს წმინდა ფანატიზმი იკავებს.
ფანატიზმი იწყება იქ, სადაც ადამიანი წყვეტს პასუხისმგებლობის ტარებას საკუთარ მორალზე და მას ქურუმს გადააბარებს. ერიხ ფრომი, თავის ნაშრომში – „თავისუფლებისგან გაქცევა“, ხსნის, რომ ადამიანებს ეშინიათ თავისუფლების და ქვეცნობიერად ეძებენ ძლიერ ფიგურას, რომელსაც დაემორჩილებიან.
ამის კლასიკური მაგალითია სტანის ბარათეონი. მას არ სჯერა რ’ლორის, როგორც ღვთაების, მაგრამ მას სჯერა მელისანდრას, რადგან ქურუმი მას სთავაზობს ძალაუფლების მოპოვების კონკრეტულ, „ღვთიურ“ გზას. მელისანდრამ მოახდინა ღმერთის პრივატიზაცია — მან დაარწმუნა სტანისი, რომ ღმერთი მხოლოდ მისი ბაგეებით მეტყველებს. შედეგად, მმართველმა დაივიწყა ყოველგვარი მორალური კანონი და გააღმერთა მსახური, რადგან ამ უკანასკნელმა მას „რჩეულობის“ ილუზია აჩუქა. როგორც ფრომი ამბობდა: „ფანატიზმი არის მცდელობა, გადაფარო საკუთარი ეჭვი სხვისი განადგურებით“.
პოლიტიკურად, ქურუმები ხდებიან „ცოცხალი ღმერთები“, რადგან ისინი ფლობენ ყველაზე მძლავრ იარაღს, სიმართლის მონოპოლიას. როდესაც უმაღლესი ბეღურა თავმდაბლობის ნიღბით მეფის სავანეში გამოჩნდა, მან რელიგია ტოტალიტარულ იარაღად აქცია. მან საკუთარი თავი ღმერთის ნების ერთადერთ გამტარებლად გამოაცხადა, რამაც მას საშუალება მისცა დაემცირებინა და დაეჩოქებინა უმაღლესი არისტოკრატია.
ნამდვილი ისტორიიდან, ეს ფაქტი გვახსენებს ჯიროლამო სავონაროლას და მის მოღვაწეობას XV საუკუნის ფლორენციაში. მან, ისევე როგორც მაღალმა ბეღურამ, „სათნოების“ სახელით დაამყარა თეოკრატიული დიქტატურა. ხალხმა დაივიწყა ღვთიური მოწყალება და დაიწყო სავონაროლას რადიკალური ბრძანებების გაღმერთება. ორივე შემთხვევაში, „მსახური“ იმდენად გაიზარდა, რომ თავად რელიგიის არსი დაჩრდილა.
ფილოსოფიურად, ეს არის ეტაპი, როდესაც სიმბოლო ჩაანაცვლებს არსს. როდესაც მსახური ამბობს, რომ ის არის ღმერთის ნება, ღმერთი კვდება, რადგან ის აღარ არის აბსოლუტური ის ხდება ქურუმის სუბიექტური სურვილი.
ამ ფენომენს გენიალურად აღწერს ფიოდორ დოსტოევსკი თავის “დიდ ინკვიზიტორში”. ინკვიზიტორი ეუბნება დაბრუნებულ ქრისტეს, რომ ის მათ აღარ სჭირდებათ, რადგან მათ უკვე შექმნეს სისტემა, სადაც ადამიანებს ღმერთის ნაცვლად ინკვიზიციის ეშინიათ. ინკვიზიტორი არის „გაღმერთებული მსახური“, რომელმაც ღმერთი ტაძრიდან გააძევა, რათა თავად გამხდარიყო თაყვანისცემის ობიექტი. ვესტეროსის უსახოები სწორედ ამ გზით მიდიან: ისინი ქადაგებენ, რომ სიკვდილი ღმერთია, თუმცა რეალურად ქურუმები წყვეტენ, ვინ უნდა მოკვდეს და ვინ იცოცხლოს.
ფანატიზმი დამანგრეველი ძალაა, რომელიც არავის ინდობს: ის ხალხს ართმევს კრიტიკულ აზროვნებას და აქცევს მასად, რომელიც მზადაა ჩაქოლოს ნებისმიერი, ვისზეც ქურუმი მიუთითებს. მმართველებს უბინდავს გონებას, აიძულებს მათ უარი თქვან სახელმწიფოებრივ ინტერესებზე „ნიშნების“ სასარგებლოდ (როგორც სტანისმა შესწირა საკუთარი შვილი მელისანდრას წინასწარმეტყველებას). ხოლო ქურუმებს აქცევს საკუთარი ტყუილის ტყვეებად, რომლებიც ადრე თუ გვიან საკუთარივე აგიზგიზებულ კოცონში იწვიან.
ფრიდრიხ ნიცშე გვაფრთხილებდა: „გაუფრთხილდით მათ, ვისაც სჯის სურვილი აქვთ“. ვესტეროსის რელიგიური სექტები გვასწავლიან, რომ როდესაც ადამიანი ამბობს: „მე ვლაპარაკობ ღმერთის სახელით“, ის სინამდვილეში ამბობს: „მე მინდა, რომ შენ მემსახურო მე“.
ბოლოს კი რჩება ერთი რიტორიკული კითხვა: ვინ არის უფრო საშიში – ღმერთი, რომელიც დუმს, თუ მსახური, რომელიც მის ნაცვლად ყვირის?




