ᲐᲕᲢᲝᲠᲘ: ᲛᲔᲠᲘ ᲛᲐᲦᲚᲐᲙᲔᲚᲘᲫᲔ
“ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით და ამავე თავისუფლებით, ყოველთვის არჩევანის წინაშე დგას”- განაცხადა ჟან პოლ სარტრმა მეოცე საუკუნეში, რითაც ადამიანი ყველა არსებაზე მაღლა და ამავდროულად, მისივე გაგებით, ტანჯვის ყველაზე მაღალ მწვერვალზე დააყენა. მაგრამ, არის კი ეს თავისუფლება მართლაც ასეთი ტვირთი? მართლა მხოლოდ რჩეულების ხვედრია იგი? მართლაც რჩეულების ღმერთია იესო ქრისტე?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, დოსტოევსკის სამი მთავარი პერსონაჟი სჭირდება: ქრისტე, თვით ადამიანი და დიდებული ინკვიზიტორი – აქედან პირველი, უპირობო სიყვარულს და აბსოლოუტურ თავისუფლებას განასახიერებს, მეორე სისუსტესა და შიშნარევ ამბოხს, ხოლო მესამე ეშმაკს ირეკლავს, თავისი ჭრელაჭრულა ფოკუსებითა და ტკბილი ილუზიებით.
დოსტოევსკი ეშმაკობს, მოჩვენებით ლაფს ასხამს ქრისტეს და სინამდვილეში, აპოფატიკური თეოლოგიის გზით, ცხადად გამოკვეთს ღმერთის ბუნებას და იმასაც, თუ რა სურს მას ადამიანისგან.
მაშ ასე, იესო ქრისტე, დიდებული ინკვიზიტორის მონოლოგის მოსასმენად, ესპანეთს (სევილიას) მეთექვსმეტე საუკუნეში, სწორედ რომ ინკვიზიციის საშინელ დროს სტუმრობს. ის უცერემონიოდ, ყოველგვარი მინიშნებებისა და სასწაულების გარეშე შემოდის სცენაზე, თუმცა არაფერს ამბობს – მხოლოდ გამოჩნდება, ისმენს, ეამბორება და მიდის.
დიდი ინკვიზიტორის მონოლოგი შთამბეჭდავია, როგორც ეშმაკის ნებისმიერი ტრიუკი. იგი ცივია, თუმცა ვერ უარყოფ- სიმართლეც ბევრია მის სიტყვებში. როგორია ინკვიზიტორის აღწერილი ადამიანი? მას ეზიზღება თავისუფლება, თუმცა შეჰნატრის და ეტრფის მას, მაგრამ როგორც კი მოიპოვებს, ისე უფრთხის, თითქოს გახურებული ნაკვერჩხალი აეღოს ხელში. ერთი სული აქვს, ვინმეს გადააბაროს, მაგრამ ამისათვის, ვალიდაცია სჭირდება: ტკბილი ტყუილი, რომ მშვიდად დაიძინოს და მშვიდად ჭამოს პური, რომელიც იმ ხელებში უჭირავს, ცოტა ხნის წინ რომ თავისუფლებისგან ეწვოდა.
ასეთია ინკვიზიტორის აღწერილი ადმიანი – მას შეუძლია დღეს ფეხები გიკოცნოს და ხვალ კოცონზე ნაკვერჩხლები მოგახვეტოს.
ადამიანს არ უნდა იყოს თავისუფალი, მას უსაფრთხოება უნდა, მაგრამ ის ამას არასოდეს აღიარებს. იგი ფარისეველი მეამბოხეა- მას ეშინია იმ უსიერ ტყეში სიარულის, რომლისკენაც თავისუფლება, თავისუფალი ნება და მეცნიერება მიუძღვის.
დიდი ინკვიზიტორი თითქოს დასცინის ქრისტეს უპირობო სიყვარულსა და თავგანწირვას, მაგრამ როგორც ყოვლისმცოდნე მკითხველმა, ჩვენ ვიცით, რომ იგი არაფერს გრძნობს – არც ღმერთის და მითუმეტეს, არც ადამიანის მიმართ. ის უბრალოდ ფაქტებს აჯამებს, მისთვის აუტანელია ფაქტი, რომ მან, ყოვლისმცოდნემ და ყოვლისშემძლემ, რომელმაც იცოდა ადამიანის სუსტი ბუნება, მაინც დაუტოვა მას არჩევანი: “ ადამიანისთვის სიყვარულის თავისუფლება ისურვე, რათა თავისუფლად გამოგყოლოდა შენით მოხიბლული და აღტაცებული”, …”მაგრამ ნუთუ არ გიფიქრია, რომ იგი საბოლოოდ სადავოდ მიიჩნევდა და უარყოფდა შენს ხატებასაც და შენს სიმართლესაც, თუ მას ისეთ მძიმე ტვირთს დააკისრებდნენ, როგორიც არჩევანის თავისუფლებაა?”.
დოსტოევსკის ეშმაკობას საზღვარი აღარ აქვს: ის ერთდროულად დასცინის სოციალიზმს, კათოლიციზმს და ამავდროულად, მორჩილი ადამიანის სულში თავისუფალების ამბოხის მოწყობას ცდილობს – შენ მას მიჰყვები უსიერ ტყეში, ამას გვიანღა ხვდები, მაგრამ სხვა რაღა გზა გაქვს? მიჰყვები და გზადაგზა ეჩეხები მანკიერებებს, რომლებმაც მხურვალე ხელებიდან თავისუფლება გაგაგდებინეს და მის ადგილას, პური და მონობა ჩაგჩარეს. აღარ მოგწონს ყოვლისმცოდნე მკითხველის როლში ყოფნა, რადგან ხვდები, რომ ქრისტე არაფერს იტყვის, კრინტსაც არ დაძრავს, რადგან ის არ აიძულებს- იგი იწვევს. შენს გულში იღვიძებს ამბოხი მონური უსაფრთხოების წინააღმდეგ და ხვდები, რომ თავისუფლებისთვის გაჩენილი, ეშმაკმა ბრჭყვიალა ტრიუკებით უსაფრთხოების ილუზიით მოგაჯადოვა.
რა თქმა უნდა, ქრისტე მართლაც არაფერს ამბობს, ის ხომ მოსასმენად და საპატიებლად მოვიდა. დიდი ინკვიზიტორი ხომ ყველა ადამიანში ცოცხლობს ეჭვისა და ცდუნების სახით, მაგრამ მან ხომ იცის, რომ ჩვენ ასეთები ვართ – ამიტომ ის უბრალოდ ამბორს ტოვებს უპირობო სიყვარულის ნიშნად და უხმოდ მიდის, რომ ჩვენ, ისევ გვქონდეს არჩევანი და უსიერ ტყეებსა და უდაბნოებში ხეტიალის შემდეგ, ისევ თავისუფლების გზას დავადგეთ ჩვენივე ნებით – გვესმის, რომ მძიმეა, მაგრამ ჩვენ მაინც მას ვირჩევთ.

