ᲢᲔᲥᲡᲢᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲠᲘ: ᲛᲔᲠᲘ ᲛᲐᲦᲚᲐᲙᲔᲚᲘᲫᲔ
გადააზრების პროცესი იწყება მაშინ, როცა აცნობიერებ, რომ რაღაც ისე ვერ მიდის, როგორც წარმოგედგინა — „მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა“. ხოლო იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ასეთი აცდენა, კითხვის დასმა ხდება საჭირო: რაღაც არასწორად ხომ არ გავიგე?
ეს კითხვა შეიძლება ფილოსოფიურიც იყოს და ბევრ რამეს გულისხმობდეს — მათ შორის იმ ეჭვს, რომ ჩვენ ზუსტად ბოლომდე არაფერი ვიცით. მაგრამ ამ კითხვას პლუსიც აქვს: იგი ძალზედ მრავალმხრივია და ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე შეიძლება გაიშალოს.
გადააზრება ზოგჯერ სიტუაციურია და ბუნებრივად ხდება, ამასთანავე, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ შინაარსს ატარებს და ძირფესვიანად ცვლის როგორც ადამიანის პიროვნებას, ასევე იმას, რაც ყველასთვის ხილვადია — მის გარემომცველ რეალობას.
გადააზრების პროცესი ხშირად მტკივნეულია, რადგან გიწევს დათმო ის, რაც კომფორტის ზონაში გამყოფებდა. ეს კი ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს. ამიტომაც დაედო განმანათლებლობას ერთგვარ სლოგანად Sapere Aude („გაბედე, იყო ბრძენი“), რადგან ამას გამბედაობა ნამდვილად სჭირდება. მაგრამ თუ კიდევ უფრო შორს გავიხედავთ, ამ გამოთქმას ასეთი შინაარსი აქვს: dimidium facti qui coepit habet: sapere aude, incipe („მან, ვინც დაიწყო, საქმის ნახევარი უკვე გააკეთა — გაბედე იყო ბრძენი, დაიწყე!“). ეს ფრაზა ჰორაციუსს ეკუთვნის და გულისხმობს, რომ მთავარი ძალა და სიბრძნე დაწყებაშია.
ამიტომ, როცა ვაცნობიერებთ რაღაცების გადააზრების საჭიროებას, ჩვენც გვიწევს ვიყოთ მამაცები, რადგან ამით ყველაფერს თავდაყირა ვაყენებთ. თუმცა, ის, რასაც ვსწავლობთ ამ არეულობის დალაგების პროცესში, გვაყალიბებს იმად, რისთვისაც დავიწყეთ ეს პროცესი.
მაშ ასე, ჩვენ იმდენად გამბედავები ვართ, ვიაზრებთ, რომ:
- შესაძლოა წლების წინ არასწორი არჩევანი გავაკეთეთ, რაც ახლა გვიშლის ხელს წარმატებაში
- ვიაზრებთ, რომ დაწყებას არასდროს აქვს კონკრეტული დრო — ის უბრალოდ გადაწყვეტილებაა
- ვიაზრებთ, რომ შეიძლება ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ვუყვარვართ და ჩვენთვის კარგი უნდათ, სინამდვილეში წარმოდგენა არ ჰქონდეთ, რა არის ჩვენთვის კარგი
- ვიაზრებთ, რომ ზოგჯერ დანებება შეიძლება ახალი დასაწყისი იყოს
- ვიაზრებთ, რომ ძალიან ცოტაა ის, რაც ნამდვილად გვსურს და ვერ გამოვა
- ვიაზრებთ, რომ არასწორმა შეხედულებებმა შეიძლება არასწორ გზაზე გვატარა
და საბოლოოდ ვხვდებით, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენში უცვლელი რჩება გამბედაობა და სიბრძნე, რათა გადავამოწმოთ ყველაფერი: პროფესია, გადაწყვეტილებები, არჩევანი, შეხედულებები — და დავეჭვდეთ: რაღაც არასწორად ხომ არ გავიგე? ემთხვევა მონაცემები ერთმანეთს?
თუ რაღაც „ისე ვერ არის“ — გადაიაზრე ცოდნა და გახსოვდეს: თავიდან დაწყება არასოდესაა გვიანი.