პატარა ბინის ინტერიერის დიზაინი

პატარა ბინის ინტერიერის დიზაინი

პატარა ბინა სულაც არ ნიშნავს, რომ მასში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობ. სინამდვილეში, პირიქით, ის შეიძლება გახდეს შენი შთაგონების წყარო, თუ იცი, როგორ გამოიყენო პრაქტიკულად თითოეული სანტიმეტრი. ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ლამაზი ნივთების განლაგება არაა, ის პირველ რიგში პრობლემის გადაჭრის ხელოვნებაა. პატარა სივრცეების მოწყობა კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელიც ხშირად გვიბიძგებს ჩვენდაუნებურად ინტერიერის დიზაინითა და სხვადასხვა ნიუანსებით დავინტერესდეთ.

ბლოგის მიზანია გაჩვენოთ, რომ პატარა სივრცე შეზღუდვა კი არა, შთაგონების წყაროა. გიზიარებთ 5 ჭკვიანურ რჩევას, რომელიც შენი ბინის ფუნქციურად გარდაქმნაში დაგეხმარება.

 

მრავალფუნქციური ავეჯი – შენი საუკეთესო მეგობარი

წარმოიდგინე მაგიდა, რომელიც სამუშაო სივრცეც არის და სასადილოც, ან საწოლი, რომელსაც დღის განმავლობაში დივნად გამოიყენებ. სწორედ ასეთი „ჭკვიანი“ ავეჯი დაგეხმარება მაქსიმალურად გამოიყენო შენი პატარა ბინის ფართი. ინტერიერის დიზაინერები სივრცის დაგეგმვას სწორედ ამ პრინციპით იწყებენ.

 

პატარა ბინის ინტერიერის დიზაინი

ვერტიკალური სივრცე

ვერტიკალური სივრცე მხოლოდ ნახატებისა და დეკორაციებისთვის არ გამოიყენება. მაღალი, ვიწრო თაროები ან კარადები, რომლებიც ჭერს მიწვდება, ეს არა მხოლოდ დამატებით ადგილს მოგცემს ნივთების შესანახად, არამედ ოთახს ვიზუალურად უფრო მაღალს გამოაჩენს, განსაკუთრებით, თუ ზედაპირის სარკით მოპირკეთებას გადაწყვეტ.

 

პატარა ბინის ინტერიერის დიზაინი

ფერების პალიტრა

თუ გინდა, ოთახი უფრო დიდი და ჰაეროვანი გამოჩნდეს, ღია ფერები ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუქი ფერების გამოყენებაზე უარი თქვა. პირიქით, სწორად შერჩეული კონტრასტული დეტალები, მაგალითად მუქი პანელები ან შავი დეკორაცია თეთრ ფონზე, სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს და ელეგანტურობას მატებს. ფერის თეორია და განათების გავლენა ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილია.

 

პატარა ბინის ინტერიერის დიზაინი

ზონირება – ყველაფერი ერთ ოთახში

ერთ სივრცეში სხვადასხვა ფუნქციური ზონის მოწყობა ზონირების პრინციპების დაცვით საუკეთესო გამოსავალია. ამის გაკეთება მარტივად შეგიძლია სხვადასხვა მეთოდით, იატაკის მასალებით, მაგალითად:

  • სამზარეულოსა და მოსასვენებელი ზონის გასაყოფად გამოიყენე იატაკის ფილებისა და პარკეტის კომბინაცია. ეს არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველია, არამედ პრაქტიკულიც – სამზარეულოს ნაწილი უფრო ადვილი მოსავლელი იქნება.
  • დეკორატიული ელემენტებით: დეკორატიული ტიხრები, განსხვავებული განათება ან ხალიჩები დაგეხმარება ფუნქციურად გამოყო თითოეული ნაწილი. ასე ერთ ოთახში მარტივად შეძლებ საძინებლის, სამუშაო და დასასვენებელი კუთხის მოწყობას.

 

პატარა ბინის ინტერიერის დიზაინი

მეტი სიმწვანე

თუ ერთ ვრცელ ოთახში გსურს საძინებელი, სამუშაო კუთხე და დასასვენებელი სივრცე გააერთიანო, მცენარეების მეშვეობით შეგიძლია სივრცე ვიზუალურად დაყო და ფუნქციურად გამოყო თითოეული ნაწილი. მაგალითად, მაღალი მცენარეებით შეგიძლია შექმნა ბუნებრივი ზონა საწოლის ან სამუშაო მაგიდის გარშემო, რაც ინტერიერს უფრო ცოცხალსა და ჰარმონიულს გახდის.