როგორ ცვლის ფემინიზმი საზოგადოებას: მერი უოლსტონკრაფტი

ავტორი: მერი მაღლაკელიძე


ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ქალთა უფლებებზე და ხშირად მხოლოდ ფემინიზმის კონტექსტში. სინამდვილეში, საკითხი ბევრად უფრო ღრმა და ადამიანურია. საქმე ისაა თუ როგორ ვხედავთ ადამიანს მთლიანობაში- ვხედავთ, როგორც კონკრეტული როლების ნაკრებს, რომლებსაც მას საზოგადოება თავიდანვე აკისრებს, თუ ინდივიდს, რომელიც თავის როლსა და ადგილს თვითონვე განსაზღვრავს.

მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, ქალებს ხშირად უწევდათ და დღემდე უწევთ საკუთარი შესაძლებლობების დიდი შრომის ფასად გამოვლენა, არჩევანის უფლების მტკიცება და მისი დაცვა. ამ ბრძოლამ მხოლოდ ქალების ცხოვრება კი არა, ხედვაც შეცვალა თუ რას მოველით ადამიანები ერთმანეთისგან. სწორედ ამიტომ, ქალთა უფლებებზე საუბარი გვიბიძგებს დავფიქრდეთ, თუ რა არის სამართლიანი საზოგადოება და რა როლი გვაკისრია მასში თითოეულ ჩვენგანს.

ამ საკითხებზე დისკუსია და ფიქრი ახლა რომ (გარკვეულწილად) თავისუფლად შეგვიძლია, ამაში არაერთ მამაც ქალს უდიდესი წვლილი მიუძღვის და ეს ბლოგიც ერთ-ერთ ასეთ ქალს, მერი უოლსტონკრაფტს ეძღვნება. 

მერი უოლსტონკრაფტი (Mary Wallstonecraft, 1759-1797) იყო  ინგლისელი მწერალი, ესეისტი და ფილოსოფოსი, ცნობილი,  როგორც ერთ-ერთი პირველი ევროპელი მოაზროვნე, რომელმაც თავისი შემოქმედებით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური განათლება სრულად არ მიუღია, ცოდნის დიდი ნაწილი თვითგანვითარებით შეიძინა და მალე ჩაერთო ლონდონის ინტელექტუალურ ცხოვრებაში. მუშაობდა მთარგმნელად და ლიტერატურულ რეცენზენტად ჟურნალში Analytical Review, რაც საშუალებას აძლევდა გაცნობოდა თავისი ეპოქის მნიშვნელოვან ფილოსოფიურ და პოლიტიკურ იდეებს.

მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაშრომი, Thoughts on the Education of Daughters,1787 („ფიქრები ქალიშვილების განათლებაზე“) , უკვე ეხებოდა ქალების განათლების პრობლემას. მოგვიანებით მან გამოაქვეყნა პოლიტიკური პამფლეტი A Vindication of the Rights of Men 1790 ( „ადამიანთა უფლებების დაცვა“, ან,  „მამაკაცთა უფლებების დაცვა“, ვინაიდან „ადამიანისა“ და „მამაკაცის“ ინგლისური შესატყვისი ერთი და იგივეა). რომელიც პასუხი იყო ედმუნდ ბერკის კონსერვატიულ შეხედულებებზე.

ამ ნაშრომში, იგი მერი უოლსტონკრაფტი აკრიტიკებდა ბერკს იმისთვის, რომ იგი უგულვებელყოფდა ადამიანების მიერ შექმნილ უსამართლობასა და სიღარიბეს და ზედმეტად იცავდა ტრადიციებსა და არისტოკრატიას. უოლსტონკრაფტის აზრით, არცერთი პოლიტიკური ინსტიტუტი არ უნდა იყოს პატივსაცემი მხოლოდ იმიტომ, რომ ის წარსულში არსებობდა, მისი ღირებულება უნდა განისაზღვროს იმით, თუ რამდენად გონივრული და შესაბამისობაშია იგი ადამიანის ბუნებრივ უფლებებთან.

უოლსტონკრაფტი ამტკიცებდა, რომ უფლებები და მოვალეობები განუყოფელია, თუმცა, ადამიანი ვერ შეასრულებს სოციალურ ვალდებულებებს, თუ მისი ბუნებრივი უფლებები დაცული არ იქნება. იგი ასევე აკრიტიკებდა იმდროინდელ კულტურას, რომელიც ზედაპირული ეტიკეტისა და სოციალური სტატუსის დემონსტრირებას ანიჭებდა უპირატესობას და არა გონებასა და მორალს. მისი აზრით, ასეთი საზოგადოება მორალისგან დაცარიელებულია. 

კრიტიკის ფარგლებში, უოლსტონკრაფტი შეეხო ოჯახის ინსტიტუტის საკითხსაც. იგი გმობდა ინტერესზე დამყარებულ ქორწინებებს და ამტკიცებდა, რომ გოგონების აღზრდა მხოლოდ მამაკაცების მოსაწონად, მათ მორალურ და ინტელექტუალურ განვითარებას აფერხებდა. ასეთ პირობებში, ქალები ვერ გახდებოდნენ ვერც დამოუკიდებელი ადამიანები და ვერც სრულუფლებიანი მოქალაქეები. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, საზოგადოების რეალური რეფორმა შეუძლებელი იყო ქალთა მდგომარეობის შეცვლის გარეშე.

მისი მორიგი და ყველაზე ცნობილი ნაშრომი, A Vindication of the Rights of Woman 1792 („ქალის უფლებების დაცვა“), გახდა ერთ-ერთი პირველი სისტემური ტექსტი, რომელიც ქალთა განათლებასა და სოციალურ უფლებებს იცავდა. 

ნაშრომში იგი ამტკიცებდა, რომ ქალთა განათლების შეზღუდვა არა მხოლოდ ქალებისთვის იყო უსამართლო, არამედ მთლიან საზოგადოებას აზარალებდა. უოლსტონკრაფტის აზრით, თუ ქალები განათლებისა და მორალური განვითარების პროცესიდან განყენებულნი დარჩებოდნენ, საზოგადოება ვერასოდეს გახდებოდა ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი. მისი ყველაზე ცნობილი იდეის თანახმად, სამართლიანობა მხოლოდ თანასწორ ადამიანებს შორის შეიძლება არსებობდეს. სწორედ ამიტომ მიიჩნევდა, რომ ქალებისა და კაცებისათვის თანასწორი განათლების მიღების შესაძლებლობა აუცილებელი პირობაა ძლიერი და მორალური საზოგადოების შესაქმნელად.



უოლსტონკრაფტი ამტკიცებდა, რომ ქალები უნდა გახდნენ გონიერი და დამოუკიდებელი ინდივიდები, რომელთა თვითშეფასება მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებზე კი არა, ცოდნასა და თვითკონტროლზე იქნებდა დაფუძნებული.  ამისათვის აუცილებელი იყო ქალთა განათლება და მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი ასევე თვლიდა, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ქალებს უნდა ჰქონდეთ პროფესიის არჩევის შესაძლებლობა.

მისი აზრით, იდეალური ქორწინება უნდა ეფუძნებოდეს მეგობრობას და არა მხოლოდ ფიზიკურ მიზიდულობას. ასეთი ურთიერთობა ქმნის საუკეთესო ოჯახურ გარემოს, სადაც მორალურად გამართული მომავალი თაობა აღიზრდება. 

ამ ნაშრომით, მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქალთა უფლებებისა და ფემინისტური აზრის განვითარებაზე, რის გამოც დღეს იგი ხშირად მოიხსენიება როგორც თანამედროვე ფემინისტური ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

მერი უოლსტონკრაფტი, სიცოცხლეში ყოველთვის არ სარგებლობდა დიდი მხარდაჭერითა და აღიარებით. მისი იდეები ხშირად დაცინვისა და კრიტიკის საგანი ხდებოდა, თუმცა მისი ნაშრომები მაინც ახდენდა ზეგავლენას იმდროინდელ ქალთა უფლებების მომხრე ავტორებსა და აქტივისტებზე და ვრცელდებოდა ევროპასა და ამერიკაში.

მე-20 საუკუნეში, განსაკუთრებით, ფემინისტური მოძრაობის გაძლიერების შემდეგ, მკვლევარებმა მისი ტექსტები ხელახლა შეაფასეს და იგი თანამედროვე ფემინისტური აზრის ერთ-ერთ წინამორბედად აღიარეს. მაგალითად, ფილოსოფოსმა სიმონ დე ბოვუარმა, თავის ცნობილ წიგნში, “მეორე სქესი”, უოლსტონკრაფტი იმ ქალ მოაზროვნეთა შორის მოიხსენია, რომლებმაც ისტორიულად წინააღმდეგობა გაუწიეს პატრიარქალურ წესრიგს და ქალთა თავისუფლების იდეას ჩაუყარეს საფუძველი.


დღეს უოლსტონკრაფტი განიხილება არა მხოლოდ როგორც ფემინისტი, არამედ როგორც განმანათლებლობის ეპოქის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მოაზროვნე. მისი ნაშრომები გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორი საზოგადოებრივი ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ ქალებსა და კაცებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იცხოვრონ თანასწორ პირობებში, როგორც თავისუფალმა და ღირსეულმა მოქალაქეებმა.

 

წყარო: https://plato.stanford.edu/entries/wollstonecraft/